„ღია საზოგადოება – საქართველოს“ ოფისში, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტმა“ წარადგინა კვლევა ,,წამების პრევენციის მექანიზმები და უფლებამოსილებები“, რომელიც განხორციელდა ,,ალტერნატიული მონიტორინგის მოდელის შემუშავება“ პროექტის ფარგლებში.
პროექტის მიზანს წარმოადგენს ისეთი საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმის მოდელის შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს არასათანადო მოპყრობის აღმოფხვრას დახურულ დაწესებულებებში.
სამოქალაქო საზოგადოებას შეუძლია სერიოზული როლი ითამაშოს მონიტორინგის პროცესში, პრევენციული ღონისძიებების გატარების დროს და დაზარალებულთა რეაბილიტაციის კუთხით. ასევე, მათი როლი შეიძლება ძალიან ეფექტური აღმოჩნდეს პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების ადვოკატირებაშიც.
კვლევის პირველ ნაწილში განხილულია სხვადასხვა ქვეყნებში არსებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის მოდელები, ხოლო მეორე თავში განხილულია საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმის მოწყობის წესები და ამ თვალსაზრისით სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში, არსებული გამოცდილება.
არასამთავრობო ორგანიზაციების დახურულ დაწესებულებებში დაშვება, ერთი მხრივ, წარმოადგენს საზოგადოებრივი კონტროლის გაზრდის საშუალებას ამ დაწესებულებებზე, ხოლო მეორე მხრივ მათი მუშაობის გაუმჯობესების ერთ-ერთ მექანიზმს.
საზოგადოებრივი კონტროლი, პირველ რიგში, თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დარღვევის პრევენციას ემსახურება. აღნიშნული გულისხმობს თავისუფლებააღკვეთილი პირების მდგომარეობის რეგულარულ მონიტორინგს და იმ რისკების გამოვლენას, რომლებსაც შეუძლია გამოიწვიოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა. იმავე კონტროლის ფარგლებში მოხდება დარღვევების გამოვლენაც და მათი აღმოფხვრის თვალსაზრისით შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა.
საქართველოში წლების განმავლობაში იქმნებოდა სხვადახვა სახის მონიტორინგის მექანიზმები, თუმცა ისინი, ზოგ შემთხვევაში, ფინანსური სახსრების არარსებობის და ზოგ შემთხვევაში, სახელმწიფოს პოლიტიკური ნების გამო წყვეტდნენ არსებობას. ამჟამად მოქმედი „პატიმრობის კოდექსი“ საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმს აღარ ითვალისწინებს.
სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის ექსპერტები პერიოდულად იღებენ მონაწილეობას მონიტორინგში, თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ ექსპერტთა დაშვება სახალხო დამცველის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, რაც ყოველთვის ვერ აკმაყოფილებს სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნებს. აღსანიშნავია, რომ პრევენციის ეროვნული მექანიზმის მუშაობაში ექსპერტები მონაწილეობენ არა როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, არამედ ინდივიდუალურად.
წინა წლებში დახურულ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობაზე და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე სამოქალაქო საზოგადოება ასევე, ამჟამად ხელისუფლებაში მყოფი პირები აკეთებდნენ მკვეთრ განცხადებებს და სარგებლობდნენ სახალხო დამცველის ანგარიშებით. ბოლო პერიოდში აღნიშნულმა საკითხებმა დაკარგა აქტუალობა და ინტერესი. მიუხედავა იმისა, რომ სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშშის მიხედვით დღესაც არასახარბიელო მდგომარეობაა არასათანადო მოპყრობის მხრივ განსაკუთრებით პოლიციის თანამშრომლების მხრიდან, აღარ ჩანს აღნიშნული საკითხისადმი ინტერესი.
ადამიანის უფლებათა დაცვის 2014-2020 წლების სტრატეგია ითვალისწინებს სასჯელაღსრულების სისტემაში ეფექტიანი საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმის ჩამოყალიბებას. მიუხედავად აღნიშნულისა, დღემდე არ გადადგმულა შესაბამისი ნაბიჯები და საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმის შექმნის თაობაზე აღარ მიმდინარეობს მუშაობა.
ჩვენი მიზანია, დახურულ დაწესებულებებში არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის გაძლიერებისთვის, დახურული ინსტიტუციების მონიტორინგის ეფექტური მექანიზმის მოდელის შემუშავება, რომლის არსებობა და ქმედუნარიანობა არ იქნება დამოკიდებული კონკრეტული თანამდებობის პირების (მაგ. სახალხო დამცველის ან/და სასჯელაღსრულების მინისტრის) კეთილ ნებაზე. ამასთან, საზოგადოებრივი მონიტორინგი მეტ გამჭვირვალობას შეიტანს თავისუფლების აღკვეთის/შეზღუდვის ადგილებში და გააადვილებს იქ არსებული პრობლემების გამოვლენასა და აღმოფხვრას. საზოგადოებრივი მონიტორინგის არსებობა ასევე დაეხმარება სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნულ მექანიზმს პრინციპული საკითხების ადვოკატირებაში.