კოალიციის საკანონმდებლო წინადადება მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემასთან დაკავშირებით

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” მიმართავს პარლამენტს და წარუდგენს საკანონმდებლო წინადადებას მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების დახვეწისა და  დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის რეფორმის მიზნით.

იმ ფონზე, როცა დისციპლინური სამართალწარმოების მოქმედი საფუძვლები არაერთხელ გამხდარა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მწვავე კრიტიკის საგანი, კოალიცია პარლამენტს ცვლილებებს რამდენიმე მიმართულებით სთავაზობს:

დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის რეფორმა

  • ინსპექტორის დამოუკიდებლობის გარანტიების ამაღლების მიზნით, მნიშვნელოვანია ცვლილება შევიდეს მისი დანიშვნა/გათავისუფლების წესში,  ასევე დაიხვეწოს ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლები და გასაჩივრების წესები. მიგვაჩნია, რომ ინსპექტორის არჩევა/გათავისუფლება უნდა ხდებოდეს იუსტიციის საბჭოს სრული შემადგენლობის არა უბრალო, არამედ ⅔-იანი უმრავლესობით, რაც ინსტიტუციურ დონეზე უზრუნველყოფს, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების რეალურ გავლენას ინსპექტორის შერჩევა/გათავისუფლების პროცესზე;
  • ინსპექტორის თანამდებობრივი სარგო კანონით განისაზღვროს, ხოლო ინსპექტორს მისი აპარატის წევრთა რაოდენობისა და მათი თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის უფლებამოსილება თავად მიენიჭოს;
  • ინტერესთა კონფლიქტის გამოსარიცხად, შესაძლებელია ინსპექტორს თანანმდებობრივი შეზღუდვა დაუწესდეს და უფლებამოსილების ამოწურვის შემდგომ, გარკვეული გონივრული ვადით, მას არ მიეცეს სასამართლო სისტემაში მუშაობის დაწყების შესაძლებლობა;
  • ინსპექტორს უნდა განესაზღვროს ინფორმაციის მოძიების სათანადო საშუალებები (გარკვეულ ელექტრონულ ბაზებზე წვდომა), რათა შესაძლო დისციპლინური გადაცდომის გამოკვლევა ეფექტიანად და სრულყოფილად მოხდეს;
  • კანონმდებლობით მკაფიოდ უნდა განისაზღვროს, რომ მოკვლევის ეტაპზე დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, ინსპექტორს, საბჭოს თანხმობის გარეშე, პროკურატურისათვის მიმართვა შეეძლოს;
  • კანონით ნათლად უნდა ჩამოყალიბდეს ინსპექტორის მიერ საბჭოსათვის რეკომენდაციით მიმართვის შესაძლებლობა დისციპლინური დევნის დაწყების ან არ დაწყების თაობაზე ;
  • მნიშვნელოვანია, ინსპექტორს კანონით განესაზღვროს ინფორმაციის სამ თვეში ერთხელ პროაქტიულად, ხოლო წლის ბოლოს ერთჯერადად გამოქვეყნების ვალდებულება, სადაც თავს მოიყრის  გადაცდომის საფუძვლებისა და დამოუკიდებელი ინსპექტორის მიმართვის საფუძველზე საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაცია.

დისციპლინური სამართალწარმოების საფუძვლების რეფორმა

  • კანონით ნათლად უნდა განისაზღვროს დისციპლინური პასუხისმგებლობის მიზნები და ფარგლები. მნიშვნელოვანია, რომ დისციპლინური სამართალწარმოება ვრცელდებოდეს მხოლოდ უხეშ და უპატიებელ პროფესიულ გადაცდომებზე და არ ეხებოდეს კანონის განსხვავებულ ინტერპრეტაციებსა და სასამართლო შეცდომებს;
  • ნათლად და ამომწურავად განისაზღვროს ეთიკის კოდექსის ის ნორმები, რომელთა დარღვევაც ჩაითვლება დისციპლინურ გადაცდომად;
  • დაკონკრეტდეს და დადგინდეს სტანდარტი რა მიიჩნევა „მოსამართლისათვის შეუფერებელ ქმედებად, რომელიც ბღალავს სასამართლოს ავტორიტეტს”, რადგან  ეს ფორმულირება იმდენად ზოგადია, რომ აჩენს პრაქტიკაში მისი შერჩევითად და ზედმეტად ფართოდ გამოყენების საფრთხეს;
  • დაკონკრეტდეს „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონის რომელი ნორმები მიიჩნევა მოსამართლეთა მიერ დისციპლინური გადაცდომის საფუძვლად. მოქმედი კანონმდებლობით აღნიშნული კანონი სრულად წარმოადგენს მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველს, რაც პრაქტიკაში მისი არაგანჭვრეტად გამოყენების საფრთხეს ქმნის;
  • მოსამართლესთან აკრძალული კომუნიკაციის შემთხვევაში, მოსამართლის მიერ სათანადო პირისათვის ინფორმაციის შეუტყობინებლობა უნდა განისაზღვროს დისციპლინირების საფუძვლად დისციპლინური სამართალწარმოების კანონის მე-2 მუხლში.

USAID

 

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s