2018 წლის 18 სექტემბერს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში IDSD-მ გამართა პრეზენტაცია, სადაც წარადგინა ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2016-2017 წწ.) IV (ადამიანის უფლებების დაცვა სასჯელაღსრულების სისტემაში) და V (წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა) თავების შესრულებასთან დაკავშირებით განხორციელებული მონიტორინგის საბოლოო შედეგები.
მონიტორინგის ფარგლებში შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდი: www.hrm.org.ge, ასევე მონიტორინგის ფარგლებში შემუშავებული სპეციალური მეთოდოლოგია, რომელსაც დაეფუძნა წარმოდგენილი ანგარიში.
შეხვედრა გაიმართა 2016-2017 წლის ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის ანგარიშების პრეზენტაციების კვირეულის ფარგლებში, რომელსაც ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები წარადგენენ.
თითოეულ თავთან მიმართებით მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა შემდეგი ტენდენციები:
თავი IV – ადამიანის უფლებების დაცვა სასჯელაღსრულების სისტემაში
საანგარიშო პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო და სხვა სახის ცვლილებები გარკვეულწილად აუმჯობესებს პატიმრების მდგომარეობას, თუმცა დასახული მიზნის – უნივერსალური და ევროპული სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური სისტემა – მისაღწევად კვლავ ბევრია გასაკეთებელი.
გადატვირთულობის პრევენციისკენ მიმართული ღონისძიებები ასევე უსისტემო ხასიათს ატარებს. არ არის გათვალისწინებული შესაბამისი ცვლილებების განხორციელება ნორმატიულ აქტებსა თუ პრაქტიკაში.
მისასალმებელია ინდივიდუალური მიდგომების, რისკის შეფასების და სხვა თანამედროვე მექანიზმების დანერგვა, თუმცა ეს პროცესი სერიოზული ხარვეზებით მიმდინარეობს – არ არის უზრუნველყოფილი მსჯავრდებულების ჩართვა შეფასებისა და გადაფასების პროცესში.
პრობლემურ საკითხია გასაჩივრების არსებული მექანიზმების ხელმისაწვდომობა, მათი ეფექტური ფუნქციონირება და დაუსჯელობისგან დაცვის უზრუნველყოფა. ეს პრობლემები, დიდწილად, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ღონისძიებების სიმცირეს უკავშირდება.
განსაკუთრებულ პრობლემად რჩება პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პირთათვის შესაბამისი აქტივობებისა და სარეაბილიტაციო, დასაქმების თუ საგანმანათლებლო პროგრამების უზრუნველყოფის საკითხი, რაც დაკავშირებულია ერთიანი პოლიტიკის, უწყებათაშორისი კოორდინაციის არარსებობისა და სტრატეგიული დაგეგმვის ნაკლებობასთან.
პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის, თვითმკვლელობისა და თვითდაზიანებების შემთხვევების პრევენციისა და მათზე სათანადო რეაგირების მექანიზმების არარსებობა სისტემურ პრობლემად რჩება. მათი პრევენცია და მათზე ჯეროვანი რეაგირება არასათანადოა საჭიროებს სამომავლო დახვეწას და სისტემურ დანერგვას საჭიროებს.
თავი V- წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა
მიუხედავად საანგარიშო პერიოდში განხორციელებული რიგი საქმიანობებისა, მიზანი – არასათანადო მოპყრობის აღმოფხვრა და პრევენცია – ჯერ კიდევ მიუღწეველია უწყებების არაკოორდინირებული და უსისტემო მუშაობის, სამოქალაქო საზოგადოების დაბალი ჩართულობის და სხვა რიგი მიზეზების გამო.
სამთავრობო სამოქმედო გეგმის V თავი არ ან არასათანადოდ მოიცავს მთელ რიგ უმნიშვნელოვანეს საკითხებს, როგორებიცაა საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმის შექმნა, სრულყოფილი სტატისტიკის წარმოება, სხვადასხვა დახურულ დაწესებულებებში განთავსებულ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა და სხვა.
საანგარიშო პერიოდში არ განხორციელებულა არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის სამართლებრივი ბაზის ანალიზი, არ მიმდინარეობს არასათანადო მოპყრობის მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრაზე მუშაობა, რაც აუცილებელია მსხვერპლთა რეაბილიტაციის პროგრამის შესამუშავებლად; სასურველი იქნებოდა დახურული დაწესებულებების მოსამსახურეთათვის სპეციალური პროცედურების (ჩხრეკა, სპეციალური საშუალებების/ძალის გამოყენება) დეტალური ინსტრუქციების/პროტოკოლების შემუშავებაც.
დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის კონცეფცია, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ, სამოქალაქო საზოგადოებისთვის დახურული შემუშავების პროცესის შედეგად წარმოადგინა, ინსტიტუციურად გაუმართავია, არ მოიცავს დევნის უფლებამოსილებას, შესაბამისად, ნაკლებ სავარაუდოა, რომ მისი ამოქმედებით არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიება გაუმჯობესდება.
დადებითად უნდა აღინიშნოს საანგარიშო პერიოდში შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული, უნივერსალურ და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი, დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოთავსებულ პირთა სამედიცინო მომსახურების ინსტრუქცია, ისევე, როგორც “სტამბოლის პროტოკოლის” შესაბამისი დაზიანებების აღწერის ფორმების შემუშავება. მომავალში საჭირო იქნება აღნიშნული დოკუმენტების პრაქტიკაში დანერგვის ღონისძიებების გატარებაც.
მონიტორინგის განხორციელება და ანგარიშის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარებით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. ანგარიში მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის, „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG), და ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) ერთობლივი საგრანტო პროექტის ფარგლებში. ანგარიშის შინაარსზე პასუხისმგებელი არიან ავტორი ორგანიზაციები. იგი არ წარმოადგენს ამერიკის მთავრობის ოფიციალურ მოსაზრებას და არ ასახავს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის, ან “ღია საზოგადოების ფონდის” შეხედულებებს.