კოალიციამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შეთავაზებული სამუშაო ფორმატი დატოვა

koalitsia_slide_axali

კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან უზენაესის სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების შემუშავებისთვის შექმნილი სამუშაო ფორმატი დატოვა, რადგან ის არ ემსახურება რეალურ საკანონმდებლო ცვლილებებზე მსჯელობას, რომელმაც მოსამართლეთა შერჩევის პროცესში დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომა და პროცესის გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად წარმართვა უნდა უზრუნველყოს. სამუშაო შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარის მიერ არაორაზროვნად გამოვლენილი პოზიციით ცხადი გახდა, რომ ის არ აპირებს იმ ტიპის კანონპროექტის შექმნას, რომელიც სასამართლოში გაბატონებული კლანის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ერთპიროვნულ ნომინირებას  გამორიცხავს. პარლამენტის თავმჯდომარის ეს პოზიცია ცხადად ადასტურებს მისი და მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის შეთანხმებულ მოქმედებას, შესაბამისად, ამგვარ ფორმატში კოალიციის მუშაობის გაგრძელება აზრს მოკლებულია.

უზენაესი სასამართლოს მნიშვნელობისა და მართლმსაჯულების სისტემაში მისი როლის გათვალისწინებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატები შეირჩნენ ობიექტური კრიტერიუმების  საფუძველზე და ხანგრძლივი და გამჭვირვალე პროცედურების შედეგად.

სწორედ ამ მიზნის მისაღწევად კოალიციის მიერ სამუშაო ჯგუფისათვის წერილობით  იქნა წარდგენილ საკუთარი მოსაზრებები, რომლებიც ძირითადად თანხვედრაშია აშშ-ს საელჩოსა  და ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ წარდგენილ მოსაზრებებთან.

ამავდროულად კოალიცია მიიჩნევს, რომ კანონპროექტის ცალკეული დებულებების დეტალურ განხილვამდე, არსებითად მნიშვნელოვანია პრინციპული შეთანხმება იქნეს მიღწეული 5 ძირითად  საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ:

  1. არსებითად მნიშვნელოვანია, კანონმდებლობით სათანადოდ იყოს გარანტირებული იმ პირთა მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა, რომელთაც არ აქვთ სამოსამართლო საქმიანობის გამოცდილება, თუმცა სამართლის დარგში მნიშვნელოვანი გამოცდილება გააჩნიათ. ღია კონკურსში მონაწილეობის საშუალება მოქმედი და ყოფილი მოსამართლეების გარდა  პროფესიაში მყოფ სხვა პირებსაც (ადვოკატებს, პროკურორებს და ა.შ.) უნდა მიეცეს, რაც სასამართლო სისტემის ღიაობას უზრუნველყოფს. წარმოდგენილი კანონპროექტის სამუშაო ვერსია სავალდებულო მოთხოვნის სახით  მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის სავალდებულოობას ითვალისწინებს, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს იმ პირთა წრეს, რომელთაც კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ;
  2. კანონპროექტი არ ითვალისწინებს ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელ იმგვარ ნორმებს, რომელიც პროცესის ობიექტურად და მიუკერძოებლად წარმართვას უზრუნველყოფს.  არსებითად მნიშვნელოვანია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრებს, რომლებიც თავად გადაწყვეტენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას, შეუჩერდეთ საბჭოს წევრის უფლებამოსილება, რათა კონკურსის დასრულებამდე გამოირიცხოს მათი მონაწილეობა როგორც კანდიდატების განხილვის, ასევე საკუთარი თავის ან კონკურენტების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
  3. შემოთავაზებული კანონპროექტი ითვალისწინებს ბუნდოვან ფარდობით კენჭისყრას, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას კონკურსის ობიექტურად ჩატარებას და საუკეთესო კანდიდატების შერჩევას. აუცილებელია კანონპროექტიდან ე.წ. ფარდობითი კენჭისყრის საფუძველზე „გრძელი სიის“ შექმნის შესახებ დებულებების ამოღება, ვინაიდან აღნიშნული კლანს აძლევს შესაძლებლობას, პირველივე ეტაპზე 45 კანდადატისგან შედგენილ სიაში დატოვოს მხოლოდ მისთვის მისაღები  კანდიდატები და გამორიცხოს ის კანდიდატები, რომლებსაც შესაძლოა საბჭოს დანარჩენი წევრების მხარდაჭერით ესარგებლა;
  4. განსახილველ პროექტი ითვალისწინებს გადაწყვეტილების მიღებას საბჭოს 2/3-ის უმრავლესობით, რაც ვერ უზრუნველყოფს არამოსამართლე წევრთა რეალურ გავლენას გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. არსებითად მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილება მიღებულ იქნას მოსამართლე წევრების ხმათა 2/3-ითა და არამოსამართლე წევრების ხმათა 2/3-ით. ასევე აუცილებელია მიღებული გადაწყვეტილება იყოს სათანადოდ დასაბუთებული;
  5. მნიშვნელოვანია, საქართველოს პარლამენტმა სრულად განახორციელოს ნომინირებული კანდიდატების კანონმდებლობასა და კონსტიტუციასთან შესაბამისობის შეფასება და ამ მიზნით იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, როგორც ეს გათვალისწინებულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოქმედ რედაქციაში.

სამწუხაროდ, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოხატული პოზიცია ცხადყოფს, რომ ის  ფაქტობრივად ეწინააღმდეგება ზემოაღნიშნულ საკვანძო საკითხებს, რაც არსებითად მნიშვნელოვანია რეალური საკანონმდებლო ცვლილებების განსახორციელებლად და ქვეყნის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს დაკომპლექტების ობიექტური და ღია პროცესის უზრუნველსაყოფად.  პარლამენტის თავმჯდომარეს პრინციპული პოზიცია აქვს კენჭისყრასთან დაკავშირებით და მის მიერ შემოთავაზებული ფორმულა სასამართლოში გაბატონებულ კლანს აძლევს სრულ შესაძლებლობას საბჭოს სახელით თავად გადაწყვიტოს კონკრეტული კანდიდატების ნომინირების საკითხი. აღნიშნული პოზიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს  პარლამენტის თავმჯდომარისა და მმართველი პარტიის უპირობო მხარდაჭერას კლანისადმი.

შექმნილ ვითარებაში, როდესაც სამუშაო ჯგუფს აქვს ფორმალური ხასიათი და იგი მხოლოდ კლანისათვის ხელსაყრელი კანონმდებლობის შექმნის პროცესის ლეგიტიმაციის მცდელობას წარმოადგენს, კოალიცია უარს აცხადებს ამ სამუშაო ჯგუფში მუშაობის გაგრძელებაზე.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s